1. დევნა

განმარტება. დევნა: ბურთიანთან სწრაფად და ზუსტად მისვლის უნარი, მისი (ბურთიანის) სივრცის დახურვა, რაც შემდგომში საშუალებას მოგვცემს სწორად შევარჩიოთ სიტუაციასთან შესაბამისი ბოჭვის სტილი.

ბოჭვის შესასრულებლად, მოთამაშე უპირველეს ყოვლისა უნდა მივიდეს ბურთიანთან. ამას დევნა ეწოდება. ბურთიანის დევნა ერთი შეხედვით მარტივი უნარია, რასაც ლენტით ან ხელის დადებით გამარტივებული რაგბის თამაში აჩვენებს. თუმცა სინამდვილეში, მეტი რამ არის გასათვალისწინებელი; მოთამაშეები უნდა იაზრებდნენ თავიანთ და თანაგუნდელის როლს და ეფექტურად უნდა შეეძლოთ კომუნიკაცია, რაც მათ ბოჭვის სათანადო ტექნიკურ დონეზე და უსაფრთხოდ შესრულების საშუალებას მისცემს.

ქვემოთ ჩამოთვლილი ოსტატობის ძირითადი ინდიკატორები ფარავენ ძირითად ფაქტორებს, რომლებიც ანვითარებენ დევნის უნარებს. მწვრთნელებმა უმჯობესია გაითვალისწინონ ისინი საკუთარო საწვრთნელი პროგრამის შექმნისას:

1. ხედვა, გადაწყვეტილება, ქმედების ციკლი

მოთამაშეებს მათ წინ სათამაშო არეალის სწრაფად შეფასება უნდა შეეძლოთ. ისინი უნდა დააკვირდნენ სიტუაციას, ამოიცნონ ბურთიანი მოთამაშე და დამატებითი პოტენციური საფრთხეები. შეძლონ შესაბამისი რეაქციის გაკეთება სწორი გადაწყვეტილების მიღების ხარჯზე.

დევნა არ არის ორ მოთამაშიანი თამაში ბურთიანსა და მცველს შორის. დევნის ფაზის დროს, მცველს ასევე სჭირდება მოედნის დამატებითი პოტენციური საფრთხის აღმოსაჩენად სიტუაციის სწრაფად შეფასება. მცველს შესაძლოა მოუხდეს მისი გადაწყვეტილების შეცვლა შემტევის ქმედებიდან გამომდინარე, რაც შეცვლის მათი მოძრაობის ტრაექტორიასა და დევნის კუთხეს. მცველებმა ასევე უნდა ათვალიერონ მოედანი თანაგუნდელების მოსაძებნად და უპასუხონ შემდეგ კითხვებს:

  • სად არის დახმარება?
  • არიან თუ არა სხვა მოთამაშეები სწორ პოზიციებზე?
  • ვიყენებთ თუ არა კიდის ხაზს დამატებით მცველად?

მოთამაშეებმა მუდმივად უნდა აანალიზონ ვიზუალური მინიშნებები და ამის საფუძველზე აირჩიონ დევნის სწორი ტრაექტორია.

2. წერტილოვანი ფოკუსირება (იპოვე, დაამაგრე და შეინარჩუნე ფოკუსი ბურთიანზე)

მოთამაშეებმა უნდა შეძლონ ბოჭვის სამიზნე დონეების განსაზღვრა და კონტაქტამდე ბურთიანის მოძრაობიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილების შესწორება. ბოჭვის სამიზნე დონეები ნაწილდება იმ წერტილებად სადაც მბოჭავმა უნდა მოახდინოს კონტაქტი ბურთიანთან:

  • დონე 1 - ტერფიდან/კოჭიდან მუხლამდე
  • დონე 2 - მუხლიდან მენჯამდე
  • დონე 3 - მენჯიდან მხარამდე

მბოჭავმა უნდა შეძლოს მოთამაშეთა შეჯგუფებაში ბურთიანის ამოცნობა, მასზე კონცენტრაცია, და ამავდროულად სხვა მოთამაშეების გადაადგილების გათვალისწინება, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. მათ ასევე უნდა შეძლონ, მოწინააღმდეგის ცრუ მოძრაობების მიუხედავად (ჩარბენი, გაცვლა...), სამიზნის პოვნა.

დევნის ფაზაში, ბურთიანთან კონტაქტის ზონაში მიახლოებისას, ბოჭვის ხარისხზე დიდი ზეგავლენა აქვს მიზანზე კონცენტრაციის შენარჩუნების უნარს. მბოჭავი უნდა ეცადოს, თვალყური ადევნოს ბურთიანის შუატანს და არა ფეხებს ან თვალებს, რადგანაც ბურთიანის შუატანი, ფეხებისა და მითუმეტეს თვალებისაგან განსხვავებით, ყველაზე სწორად ასახავს მოძრაობის ნამდვილ ტრაექტორიას.

3. კომუნიკაცია.

ზუსტი კომუნიკაცია მცველებს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის დაცვის სისტემის ნაწილი. ის საშუალებას აძლევს მოთამაშეებს შეარჩიონ სწორი პოზიცია ბოჭვისათვის და საჭიროებისამებრ დაიხმარონ გარშემო მყოფი თანაგუნდელები.

4. კუთხე და მიდგომა (როგორ უახლოვდება მბოჭავი ბურთიანს)

ბოჭვის ზონაში მბოჭავის შესვლის კუთხეს განსაზღვრავს მისი პოზიცია მოედანზე, სისწრაფე და ბურთიანი მოთამაშე. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ სივრცის შეზღუდვა (მოთამაშის შესვლა ბოჭვის ზონაში), დევნიდან გამომდინარე, შესაძლოა მოხდეს სხვადასხვა კუთხიდან, (მაგალითად თუ ბურთიანი შეუტევს შიდა მხარს). ბოჭვის ტიპმა, ბოჭვის მიზანმა და სამიზნე დონემ შესაძლოა განაპირობონ საუკეთესო არჩევანი. მბოჭავმა ასევე უნდა გაითვალისწინოს ბურთიანის სამიზნე დონის ცვლილება, და ამ ელემენტის გავლენა, წესების გათვალისწინებით, ბოჭვის შედეგზე.

5. მიმართულების ცვლა.

მოძრაობის უნარის მაღალი ხარისხი ძალზე მნიშვნელოვანია ეფექტური დევნისთვის. მბოჭავი ირჩევს მოძრაობის სწორ კუთხეს სივრცის შეზღუდვისას, მაგრამ თუ მას რეაქციისა და სწრაფი გადაწყობის უნარი არ ექნება განვითარებული, შეიძლება დაკარგოს ეფექტურობა დევნისას, ბურთიანის მიერ არიდების გამოყენების ან მბოჭავის მიერ სამიზნეზე კონცენტრაციის (ფოკუსის) დაკარგვის შემთხვევაში. მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს, ბოჭვის არაეფექტურობის მიზეზი დევნის არასწორად შერჩეული კუთხე, მიმართულების და კუთხის ცვლის უუნარობა, თუ ბურთიანზე კონცენტრაციის/ფოკუსის დაკარგვა იყო.

6. სხეულის სიმაღლე და მოძრაობის სისწრაფე ბურთიანთან მიახლოებისას.

მიახლოვების კუთხის გარდა, მბოჭავმა უნდა გაითვალისწინოს ბურთიანთან მისი მისვლის სიმაღლე და სისწრაფე, მაგალითად ბურთიანი შეიძლება გამართული გარბოდეს კიდის ხაზის გასწვრივ ან შეიძლება მოხრილი მოძრაობდეს აიღე და მიეძალე სიტუაციაში. მბოჭავმა დევნისას უნდა შეარჩიოს ბურთიანთან მიახლოვების სისწრაფე და სიმაღლე. ეს მოითხოვს ტანის სწორ პოზიციას და ფეხების მუშაობას კონტაქტამდე, მცველს უნდა შეეძლოს, სიტუაციიდან გამომდინარე, მოძრაობის სწორი ტიპის და ქმედების შერჩევა.

7. საყრდენი.

მბოჭავს და ბურთიანს შორის დისტანციის შემოკლების შემდეგ, მბოჭავს შესაძლოა დასჭირდეს მისი ნაბიჯების სიხშირისა და სიგრძის (მაგალითად ზედმეტად გრძელი ნაბიჯის არ გაკეთება), აგრეთვე ტანის პოზიციის შესწორება, რაც უზრუნველყოფს დაბალანსებულ და ძლიერ საყრდენს კონტაქტის წინ. ტანის პოზიცია სპრინტისათვის აჩქარებული მოძრაობისათვის შესაძლოა მოითხოვდეს იმაზე უფრო ვიწრო და მაღალ საყრდენს, ვიდრე ეს ბოჭვისათვის ძლიერ პოზიციაში იქნებოდა მიზანშეწონილი. როდესაც კონტაქტი გარდაუვალია, მოთამაშეებს უნდა შეეძლოთ საკუთარი სხეულის პოზიციისა და მოძრაობის თანმიმდევრობის შეცვლა.

8. მოლოდინი (მოწინააღმდეგის ინდივიდუალური შეფასება).

ყველა მოთამაშეს აქვს თავისი ინდივიდუალური დამახასიათებელი ნიშანი. მოწინააღმდეგის ანალიზისას შესაძლოა მწვრთნელებს გამოადგეთ შემდეგის გათვალისწინება:

  • რას აკეთებენ ხშირად შეტევაში მოწინააღმდეგის ბურთიანი მოთამაშეები?
  • ახასიათებთ თუ არა მათ უპირატესად რომელიმე ფეხიდან მოძრაობის გაკეთება?
  • ხმარობენ თუ არა ხელკვრას?
  • აქვთ თუ არა რომელიმე კონკრეტული სირბილის სტილი?
  • არიან თუ არა ძლიერი მორბენლები მოკლე დისტანციაზე?
  • ცვლიან თუ არა სისწრაფეს ბურთის ტარებისას?

კონკრეტულ სიტუაციებში, მოწინააღმდეგის ბურთით ქმედებების ცოდნა, დამატებით ინფორმაციას მისცემს მწვრთნელებს სავარჯიშო პროგრამის შედგენისას.

9. მოლოდინი (მოწინააღმდეგე გუნდის ანალიზი).

თამაშის ანალიზი, მოწინააღმდეგე გუნდისა და ცალკეული მოთამაშეების დახასიათება, მოწინააღმდეგის სათამაშო სისტემის აღქმა, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნა მოთამაშეებს ეხმარება მოედანზე დანახული ინფორმაციის ანალიზში. მოწინააღმდეგის შეტევისა და დაცვის სისტემების, წინასწარ შეთანხმებული კოლექტიური მოძრაობის, დაგეგმილი თამაშის, საწყისი სათამაშო განლაგების და სხვა მინიშნებების გააზრება მოთამაშეებს ეხმარება, მზად დახვდნენ იმ ტაქტიკას, რომელსაც სავარაუდოდ დაუპირისპირებენ, რაც საშუალებას მისცემს მათ, შეარჩიონ ბოჭვის შესასრულებლად საუკეთესო პოზიცია.