შესავალი
რაგბის არსი ისაა, რომ ორმა გუნდმა -- ვაჟკაცურ შეჯიბრში, სპორტული ადათისა და წესების დაცვით -- ბურთის წაღებით, გადაწოდებით, დარტყმითა და დამიწებით მოაგროვოს შეძლების-და-გვარად მეტი ქულა. მატჩის გამარჯვებული ის გუნდია, ვინც მეტოქეზე მეტი ქულა მოკრიფა | მოინაგრა.
წიგნში მოტანილი წესები სრულია -- შეიცავს ყველაფერს [ჭაბუკების, 10 და 7 კაცა რაგბის და საზოგადო ვარიაციებს], რაც თამაშის სწორად და სამართლიანად წარმართვისთვისაა საჭირო.
რადგან რაგბში ნება-დართულია ფიზიკური კონტაქტი, თამაში ხიფათიანია და მონაწილეთა მიერ წესების დაცვაც -- არსებითი.
მორაგბეს მუდამ უნდა ახსოვდეს საკუთარი და სხვათა უსაფრთხოება. იგი ისე უნდა იყოს ნაწრთობი, ნავარჯიშები და გაწაფული, რომ თამაში ამ წესების მიხედვით შეძლოს.
მწვრთნელის და მასწავლებლის ვალია, მოთამაშე ისე მოამზადოს, რომ ამან წესები დაიცვას და უსაფრთხოდაც ითამაშოს.
მსაჯი მოვალეა, თამაშის ყველა წესი ყოველ მატჩში ზუსტად ამოქმედოს, რაგბის კავშირს კი იმისი უზრუნველყოფა ეკისრება, რომ ნებისმიერი დონის თამაში წესიერად წარიმართოს.
ეს მარტო მსაჯის ძალის-ხმევით ვერ მიიღწევა -- მას კავშირმა, რეგიონებმა, კლუბებმა, მწვრთნელებმა და მოთამაშეებმაც უნდა შეუწყონ ხელი. კავშირმა უნდა შეიმუშაოს ჭაბუკთა ზრდის პროგრამა. მის თანახმად მოზარდები თანდათან, თავის დროზე უნდა ეზიარონ რაგბის სათანადო ფორმას, რაც მათ დაშავებისგან მეტად დაიცავს.
ასეთი პროგრამის შინაარსი კავშირმა თავად უნდა მოიფიქროს თავის წიაღში არსებული, უნიკალური გარემოსა და მახასიათებლების გათვალისწინებით.