სტადიონის მომზადება მატჩის დღისთვის

მატჩის მასპინძელი ნებისმიერი სტადიონის პრაქტიკული ოპერაციები მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, დაშვებული იქნება თუ არა მაყურებლების დასწრება.

როდესაც PST ზომები შემსუბუქდება, რაც დართავს 500 ან მეტი ადამიანის თავშეყრის ნებართვას, კავშირი, კლუბი და შეჯიბრების ჩამტარებლები შეძლებენ მთავრობასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ უწყებებთან ერთად განიხილონ შეზღუდული რაოდენობის ადამიანების დასწრების საკითხი. დიდი ტრადიციული ხალხმრავლობა ნაკლებად სავარაუდოა COVID-19-ის ეფექტური და თავისუფლად ხელმისაწვდომი ვაქცინის არარსებობის პირობებში.

ეს ნაწილი დაწერილია იმის გათვალისწინებით, რომ თავდაპირველად მატჩები გაიმართება „დახურულ კარს მიღმა“. ხალხმრავლობა არ დაიშვება და მოთამაშეთა გუნდთან ერთად მინიმალური პერსონალი გაემგზავრება. დანართი 3 აღწერს საილუსტრაციო მაგალითს ჩართულ პირთა საჭირო რაოდენობისათვის მატჩის ჩასატარებლად მაყურებლების გარეშე. ინფიცირებისა და გავრცელების რისკი შეიძლება კიდევ უფრო შემცირდეს, თუკი სამაუწყებლო და ტელევიზიის პერსონალი (დასწრების შემთხვევაში) იზოლირებული იქნება მოთამაშეებისა და არამოთამაშე პერსონალისგან.

სანამ რომელიმე მატჩი გაიმართება დანიშნულ ადგილზე, კავშირის COVID-19 მენეჯერი და ჩართული მხარეები კვლავ უნდა დარწმუნდნენ აღნიშნული ადგილის შესაფერისობაში და ოფიციალურად შეაფასონ რისკები ამ ადგილზე თამაშის მასპინძლობისთვის. მათ ასევე დასჭირდებათ:

  • უზრუნველყონ, რომ მოთამაშე ჯგუფი გადავიდეს პირდაპირ გასახდელში, ხოლო იქიდან – მოედანზე. თამაშის ადგილის ტერიტორიები საფუძვლიანად უნდა გაიწმინდოს უშუალოდ მატჩის დღის წინ;
  • უზრუნველყონ შესაბამისი კონტროლი, თუ ვინ შედის და გადის ღონისძიების ადგილიდან და შეიმუშაონ შესაბამისი სისტემა ამ ყველაფრის აღსარიცხად (შესაძლოა საჭირო გახდეს ადგილზე ჩვეულებრივად არსებული კონტროლისა და სისტემის გაუმჯობესება, თუკი მატჩის დღეს დამსწრეთა სავარაუდო რიცხვი დიდია);
  • უზრუნველყონ აკრედიტაციის და ოპერაციების დეტალური გეგმა მთელი პერსონალის საკონტაქტო ინფორმაცით, რომელსაც მატჩამდე 48 საათით ადრე მიიღებს COVID-19 მენეჯერი ან დანიშნული ოპერაციული ხელმძღვანელი;
  • უზრუნველყონ, რომ ღონისძიების ადგილზე განთავსდეს შესაბამისი პერსონალური დამცავი საშუალებების (პდს) სათანადო მარაგი (ყველა ექიმის მიერ გამოსაყენებლად, სტუმართა კლუბის ექიმების ჩათვლით) და ამ საშუალებათა უსაფრთხოდ განკარგვის შესაფერისი მეთოდი;
  • ყურადღებით განისაზღვროს, მატჩის რომელი დამსწრეები ითვლებიან აუცილებელ დამსწრეებად და მოხდეს მხოლოდ ამ დამსწრეების აკრედიტაცია;
  • ყველას მათ, ვინც სავარაუდოდ დაესწრება მატჩს (მათ შორის, კლუბის მენეჯერები, კლუბის მწვრთნელები, კლუბის ექიმები, მოთამაშეები, კლუბის სხვა წარმომადგენლები და პერსონალი, მსაჯები, მატჩის დღის სამედიცინო პერსონალი, კომერციულ პარტნიორთა და მაუწყებლობის პარტნიორთა წარმომადგენლები) ეცნობოს პროცედურების შესაბამისი დეტალები, რომლებიც მოქმედებაში იქნება მატჩის დღეს, შემდეგის ჩათვლით:
    • ღონისძიების ადგილზე ხელების დეზინფექციის და/ან ხელის დაბანის/გაშრობის ადგილმდებარეობის დეტალები;
    • კონტროლის დეტალები, თუ ვინ შეიძლება შევიდეს და გავიდეს ღონისძიების ადგილიდან;
    • გამოყოფილი იზოლირებული ტერიტორიების დეტალები ნებისმიერი იმ პირისთვის, ვისაც COVID-19-ის სიმპტომები გამოუვლინდება;
    • რომ ყველა დამსწრე, როგორც ღონისძიების ადგილზე დასწრების ნებართვის მიღების წინაპირობა, ვალდებულია წერილობით დაუდასტუროს COVID-19 მენეჯერს ან დანიშნულ ოპერაციულ ხელმძღვანელს, რომ:
      1. თავიანთი ინფორმაციით, ამჟამად COVID-19-ით ინფიცირებული არ არიან;
      2. არ ჰქონიათ COVID-19-თან დაკავშირებული სიმპტომები, ბოლო 14 დღის განმავლობაში;
      3. არ იყვნენ კონტაქტში ინფიცირებულ ან პოტენციურად ინფიცირებულ პირთან ბოლო 14 დღის განმავლობაში;
      4. ინფიცირებული ან პოტენციურად ინფიცირებული პირის გასინჯვისას ბოლო 14 დღის განმავლობაში კლუბის სამედიცინო პერსონალმა დაიცვა ინფექციის პრევენციის ყველა ღონისძიება, შესაბამისი პირადი დამცავი საშუალებების გამოყენების ჩათვლით; და
      5. სადაც შესაძლებელია, მოაწოდოს წერილობითი მტკიცებულება COVID-19-ის ნებისმიერი შესაბამისი ტესტირების ან პიროვნების იმუნიზაციის შესახებ (ნაცხის ანალიზი, ანტიგენის ტესტირება, ანტისხეულების ტესტირება, იმუნიზაცია ან სხვა).
  • რომ ყველა დამსწრემ გამოიყენოს შესაბამისი რესპირატორული და ხელის ჰიგიენის/დეზინფექციის ტექნიკა, თან იქონიონ საკუთარი დეზინფექციის საშუალებები და ერთჯერადი ხელსახოცები; და
  • შეიმუშაონ შესაბამისი სისტემა იმგვარად, რომ ნებისმიერმა დამსწრემ (მოთამაშეების ჩათვლით), რომელსაც შემდგომში გამოუვლინდება COVID-19-ის სიმპტომები, აცნობოს ამის შესხებ მასპინძელი კლუბის COVID-19 მენეჯერს და/ან შესაბამის COVID-19 ოპერაციულ ხელმძღვანელს, შემდეგ კი გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები კონტაქტების მოძიებასთან და COVID-19-ის ტესტირებასთან დაკავშირებით, სადაც შესაძლებელია ამის განხორციელება.