COVID-19

კორონავირუსის დაავადება 2019 (COVID-19) მსოფლიოში მიმდინარე პანდემიაა, რომელიც გამოწვეულია სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული სინდრომ კორონავირუს 2-ით (SARS-CoV-2). როგორც აღმოჩდა, ეს ვირუსი ძალიან ადვილად გადამდებია და ამჟამად მისი ეფექტური მკურნალობის საშუალება არ გაგვაჩნია. ინფიცირებულ ადამიანთა უმეტესობას (80%) აქვს მსუბუქი სიმპტომები, ზოგიერთს კი საერთოდ არ აქვს რაიმე სიმპტომი. რადგანაც ეს ახალი ვირუსია, მის შესახებ ძალიან ბევრი რამ არ ვიცით. თუმცა, სხვა ვირუსული ინფექციების მსგავსად, ვიცით, რომ ბევრი ადამიანი, ვინც ინფიცირებულია, გადამდებია სიმპტომების გამოვლენამდე დაახლოებით 2 დღით ადრე. ეს ნიშნავს, რომ ამ დაავადების გავრცელება ადვილია, სანამ მივხვდებით, რომ დასნებოვნებულები ვართ.

მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომატური პაციენტების უმრავლესობის მკურნალობა შესაძლებელია სახლის პირობებში, ვირუსით დაავადებულთა 15-20% შეუძლოდ ხდება და შესაძლოა დასჭირდეთ ჰოსპიტალიზაცია. მცირე რაოდენობა (5%) საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას, ზოგიერთ მათგანს სჭირდება რესპირატორული დახმარება ვენტილაციის მეშვეობით. ეს პაციენტები უფრო ხშირად არიან მამრობითი სქესის, ასაკოვანი (>60 წ) და აქვთ ისეთი თანმხლები დაავადებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ჰიპერტენზია, ფილტვების ქრონიკული დაავადება ან დიაბეტი.

სიკვდილიანობის ზუსტი მაჩვენებელი, რომელიც დაკავშირებულია COVID-19 ინფექციასთან, უცნობია, მაგრამ ეს შეიძლება ზოგადად იყოს 1-2%, მაგრამ უფრო მაღალია მოწყვლად ჯგუფებში. COVID-19 სავარაუდოდ დარჩება პოტენციურად მომაკვდინებელ ვირუსად, სანამ არ შეიქმნება ეფექტური ვაქცინა, მაგრამ ვაქცინაცია სავარაუდოდ არ იქნება შესაძლებელი რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე პერიოდში.

არსებული ცოდნის საფუძველზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უფრო ახალგაზრდა, ჯანმრთელ ადამიანებს განუვითარდეთ მძიმე სიმპტომები. თუმცა, ყველას შეუძლია გადასდოს დაავადება საყვარელ ადამიანებს, თავიანთ მეგობრებს, კოლეგებს და თანაგუნდელებს.

მთავრობები და ჯანდაცვის უწყებები მსოფლიო მასშტაბით ავრცელებენ სოციალური დისტანცირების მოთხოვნებს, საზოგადოებრივი თავშეყრის შეზღუდვებს, საკარანტინო ზომებს და სხვა ქვეყნებში მგზავრობის შეზღუდვებს, რათა მოახდინოს დაავადების გავრცელების შენელება და ჯანდაცვის სისტემებს მისცეს საშუალება, რომ გაუმკლავდნენ დაავადების მართვასთან დაკავშირებულ პოტენციურად გაზრდილ მოთხოვნებს. რაგბის საზოგადოება პასუხისმგებლობას იღებს, მხარი დაუჭიროს ამ ღონისძიებებს.

ეს დოკუმენტი მიზნად ისახავს, დაეხმაროს რაგბის მოთამაშეებს, მწვრთნელებს, პერსონალს და ადმინისტრატორებს, რომ უსაფრთხოდ იცხოვრონ ამ კრიზისის დროს; ხოლო როცა შეზღუდვები შემცირდება, გაუძღვეს აქტივობებში უსაფრთხო დაბრუნებისკენ შესაბამისი და საიმედო გზით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს დოკუმენტი ასახავს იმ ინფორმაციას და კვლევას, რომელიც მოპოვებულ იქნა დოკუმენტის გავრცელებისას. COVID-19 პანდემია და მასზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებისა და მთავრობების პასუხები არის ცვალებადი, მონაცემები და რეკომენდაციები შეიცვლება, და ეს დოკუმენტი განახლდება, რათა ასახოს ეს პროცესი.

*შენიშვნა კავშირების, შეჯიბრებებისა და კლუბებისთვის: ეს დოკუმენტი შესაბამისობაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მითითებებსა და მეთოდურ რეკომენდაციებთან. გარკვეული აღწერილი ზომები (მაგ., სოციალური დისტანცირების შენარჩუნებისთვის რეკომენდებული მანძილი) შეიძლება განსხვავდებოდეს ადგილობრივი ხელისუფლების მეთოდური რეკომენდაციებისგან. თუ კავშირებისა და კლუბების პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისას გამოიყენებთ ამ სტრუქტურას ან ამ დოკუმენტს რაიმე ფორმით, გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ ყველა ღონისძიება შეესაბამება ადგილობრივი იურისდიქციის კანონებს, მითითებებს და პოლიტიკის დოკუმენტებს.