შემაჯამებელი პრინციპები

1. ტვინის შერყევას ძალზედ სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რათა უზრუნველვყოთ მოთამაშეთა ხანგრძლივი კეთილდღეობა

ტვინის შერყევის გამომწვევი ძალების ზემოქმედება ხშირია რაგბიში; საბედნიეროდ ყველა შემთხვევა ტვინის შერყევით არ მთავრდება. ტვინის შერყევის საწყისი ეფექტები დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აღდგენა სპონტანურია, ხშირად სიმპტომებისა და შემეცნებითი ფუნქციის ცვლილების სწრაფი ალაგებით (წუთებიდან დღეებამდე). ამან შესაძლოა გაზარდოს იმის ალბათობა, რომ მოთამაშემ:

  • ტრავმის მიღებისას უგულებელყოს ტვინის შერყევის სიმპტომები; ან
  • დაუბრუნდეს თამაშს მანამ, სანამ სრულად გამოჯანმრთელდებოდეს დიაგნოსტირებული ტვინის შერყევის შემდეგ.

2. სეჭვო ტვინის შერყევის მართვა მოედანზე ვარჯიშის ან მატჩის მიმდინარეობისას

ტვინის შერყევაზე ეჭვმიტანილი ნებისმიერი სპორტსმენი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყვანილი თამაშიდან სათანადო საგანგებო მართვის პროცედურების გამოყენებით.

თამაშიდან უსაფრთხოდ გამოყვანის შემდეგ ტრავმირებული მოთამაშე არ უნდა დაუბრუნდეს აქტივობას არც იმავე დღეს და არც სამედიცინო შემოწმების გავლამდე.

თუ საეჭვოა კისრის ტრავმა, მოთამაშე უნდა იქნას გამოყვანილი მხოლოდ და მხოლოდ ხერხემლის ტრავმებში სპეციალურად გადამზადებული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პერსონალის მიერ.

თანაგუნდელებმა, მწვრთნელებმა, მსაჯებმა, გუნდის მენეჯერებმა, ადმინისტრატორებმა ან მშობლებმა, ვინც კი ეჭვს მიიტანს მოთამაშის ტვინის შერყევაზე, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ უზრუნველყონ მოთამაშის მოედნიდან უსაფრთხოდ გამოყვანა.

3. საეჭვო ტვინის შერყევის მოედნის გარე მართვა

რეკომენდებულია, რომ ყოველი საეჭვო ტვინის შერყევის შემთხვევაში მოთამაშე გაიგზავნოს პროფესიონალ ექიმთან დიაგნოსტირებისა და მითითებებისათვის ისევე, როგორც თამაშში დაბრუნებაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის, მაშინაც კი, როცა სიმპტომები ალაგდება.

სპორტსმენები საეჭვო ტვინის შერყევით:

  • არ უნდა დარჩნენ მეთვალყურეობის გარეშე პირველი 24 საათის განმავლობაში.
  • არ უნდა მიიღონ ალკოჰოლი პირველი 24 საათის განმავლობაში და მერე კი უნდა ერიდონ მის მიღებას სანამ ექიმისგან აიღებენ ჯანმრთელობის ცნობას; ხოლო თუ პროფესიონალური სამედიცინო კონსულტაციის გავლა შეუძლებელია, ტრავმირებული მოთამაშე ალკოჰოლს უნდა მოერიდოს მანამ, სანამ სიმპტომები სრულად ალაგდება.
  • არ უნდა მართონ სატრანსპორტო საშუალება, სანამ ექიმისგან ჯანმრთელობის ცნობას აიღებენ; და თუ შეუძლებელია პროფესიონალური სამედიცინო კონსულტაციის გავლა, არ უნდა მართონ მანამ, სანამ სიმპტომები სრულად ალაგდება.

თუ აღინიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი, მოთამაშე უნდა იქნას გადაყვანილი უახლოეს საავადმყოფოში:

  • სპორტსმენი უჩივის კისრის ძლიერ ტკივილს
  • ცნობიერების დაბინდვა (აღენიშნება ძილიანობა)
  • მომატებული დაბნეულობა ან გაღიზიანებადობა
  • მწვავე ან მზარდი თავის ტკივილი
  • განმეორებითი პირღებინება
  • ქცევის უჩვეულო ცვალებადობა 
  • გულყრა / კრუნხვები
  • გაორებული მხედველობა
  • სისუსტე და ჩხვლეტა / წვის შეგრძნება კიდურებში

4. დიაგნოსტირებული ან საეჭვო ტვინის შერყევის მართვა

დაასვენეთ სხეული, დაასვენეთ ტვინი

დასვენება არის ტვინის შერყვენის მართვის ამომავალი წერტილი. ეს გულისხმობს სხეულის დასხვენებას - “ფიზიკურ დასვენებას” - და ტვინის დასვენებას - “გონებრივ (კოგნიტურ) დასვენებას". ეს ნიშნავს, რომ თავიდან უნდა ავიცილოთ:

  • ფიზიკური აქტივობები, როგორიცაა სირბილი, ველოსიპედით სიარული, ცურვა და ა.შ.
  • გონებრივი აქტივობები, როგორიცაა სასკოლო სამუშაო, საშინაო დავალება, კითხვა, ტელევიზორის ყურება, ვიდეო თამაშები და ა.შ.

სრული დასვენება უნდა გრძელდებოდეს მინიმუმ 24 საათი. ტვინის შერყევის მართვისას მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილ იქნას ფიზიკური და გონებრივი დასვენება სიმპტომების ალაგებამდე.

აქტივობის განახლებამდე მოთამაშეს აღარ უნდა აღენიშნებოდეს სიმპტომები მოსვენების მდგომარეობაში. რეკომენდებულია ექიმისგან ნებათვის აღება აქტივობის გასაახლებლად.

ბავშვებსა და მოზარდებთან მიდგომა უფრო ფრთხილი უნდა იყოს. მსოფლიო რაგბი რეკომენდაციას იძლევა, რომ ბავშვებმა და მოზარდებმა არ განაახლონ თამაში ან კონტაქტური ვარჯიში სიმპტომების გაქრობიდან მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში. მოსწავლეები და სტუდენტები სკოლას ან სრულ სწავლებას უნდა დაუბრუნდნენ მანამ, სანამ ვარჯიშებს განაახლებენ.

დასვენების მინიმალური პერიოდის გავლისა და მოსვენებულ მდგომარეობაში სიმპტომების არ ქონის შემდეგ აუცილებელია თამაშში ეტაპობრივი დაბრუნების (Graduated Return To Play – GRTP) პროგრამის გავლა.

5. თამაშში დაბრუნება ტვინის შერყევის შემდეგ

  • თუ ჯერ კიდევ აღინიშნება ან ხელახლა გამოვლინდება რომელიმე სიმპტომი, თავი უნდა ავარიდოთ კონტაქტურ ვარჯიშსა და თამაშს.
  • ზრდასრულებში რეკომენდებულია მინიმუმ 24 საათიანი სრული მოსვენების პერიოდი, ხოლო ბავშვებსა და მოზარდებში უფრო ხანგრძლივ “სრული მოსვენების პერიოდს” გვირჩევენ.
  • ბავშვებსა და მოზარდებში თამაშისგან ან კონტაქტური ვარჯიშისგან დასვენება რეკომენდებულია სიმპტომების ალაგებიდან მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში.
  • თამაშში ეტაპობრივი დაბრუნების (GRTP) პროტოკოლი სრულად უნდა გაიაროს:
    • ყოველმა ტვინის შერყევით დიაგნოსტირებულმა მოთამაშემ
    • თამაშის ან ვაჯიშის დროს ტვინის შერყევაზე ეჭვმიტანილმა ყოველმა მოთამაშემ, თუ ამ აქტივობას არ ესწრებოდა სათანადოდ კვალიფიცირებული სამედიცინო პერსონალი
  • თამაშში ეტაპობრივი დაბრუნება (GRTP) უნდა დავიწყოთ მოსვენების პერიოდის გავლის შემდეგ და მხოლოდ მაშინ, როცა მოთამაშეს აღარ აღენიშნება სიმპტომები და არ ღებულობს ისეთ მედიკამენტებს, რომელთაც შესაძლოა ტვინის შერყევის სიმპტომების ცვლილება გამოიწვიოს.
  • ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც მეორედ მიიღებს ტვინის შერყევას 12 თვის პერიოდში, ან აქვს მრავალჯერადი ტვინის შერყევის ანამნეზი, ან აღენიშნება უჩვეულო გამოვლინებები, ან გახანგრძლივებული აღდგენის პერიოდი, უნდა შეფასდეს და მართული იქნას მულტიდისციპლინული სამედიცინო პერსონალის მიერ, რომელთაც აქვთ სპორტთან ასოცირებული ტვინის შერყევის მართვის გამოცდილება; მოთამაშე არ უნდა დაუბრუნდეს რაგბის, სანამ ტვინის შერყევის მართვაში გამოცდილი ექიმის მიერ არ იქნება ნებადართული.