5. დასრულება

განსაზღვრება. ბოჭვის პროცესის ფინალური ეტაპი.

ბოჭვის დასრულება გულისხმობს ბურთიანი მოთამაშის მიწაზე წაყვანას დომინანტური და კონტროლირებადი ხერხით, ასევე მზადებას შემდეგი გადაწყვეტილებისათვის კონტაქტის ზონაში, რომელიც გუნდის დაცვით სტრატეგიასა და მოცემულ სიტუაციასთან თანხვედრაში იქნება, მაგალითად:

  • დაასრულა ბოჭვა და დაუყუვნებლივ გადაგორდა/ფეხზე ადგა
  • დაასრულა ბოჭვა და დაბრუნდა ძლიერ საყრდენზე ბურთიანის ზემოთ, ბურთზე საბრძოლად
  • დაასრულა ბოჭვა და ამუშავა ფეხები ბურთიანის ზემოთ და მიღმა სივრცის მოსაგებად.

ბოჭვა ყოველთვის მბოჭავის უპირატესობით უნდა დასრულდეს, მან უნდა იბრძოლოს ბურთიანისთვის წინ ბიძგის, და თამაშის გაგრძელების შესაძლებლობის შესაზღუდად. ბოჭვაში დომინირების შენარჩუნებით და ეფექტური დასრულებით, მბოჭავი მიაღწევს თავის ძირითად მიზანს, შეაჩეროს ბურთიანი და არ მისცეს მოწინააღმდეგეს შეტევის გაგრძელების საშუალება.

ქვემოთ ჩამოთვლილი ოსტატობის ძირითადი ინდიკატორები მოიცავენ ბოჭვის დასრულების ძირითად ფაქტორებს, რომლებიც განავითარებენ დასრულების უნარებს. სასურველია, რომ მწვრთნელებმა გაითვალისწინონ ისინი თავიანთ საწვრთნელ პროგრამაში.

1. ხელახლა მოჭიდების და ტანის პოზიციის ცვლილების უნარი.

მბოჭავმა მიწასთან კონტაქტისთვის შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს მოჭიდების გაშვება ხელის ძირს დასადებად ან ტანის პოზიციის შეცვლა. მბოჭავმა არ უნდა დაუშვას მსგავსი კომპრომისი ბოჭვის ტექნიკაში, არამედ უნდა აღიდგინოს ტანის პოზიცია და თავიდან მოეჭიდოს ბურთიანს, ამავდროულად ვარდნისას ეცადოს ტანის უპირატესი პოზიციის მიღებას. ეს უზრუნველყოფს საუკეთესო დასრულებას, დომინირებას შენარჩუნებას და აიოლებს გადაწყვეტილების მიღებას შემდეგი ქმედებისთვის.

2. გააძლიერეთ ხელის მოხვევა და მოჭიდება (არც სივრცე, არც დღის შუქი).

როდესაც ბურთიანი კარგავს საყრდენს მიწაზე წასვლისას, მბოჭავი უნდა ეცადოს ხელების მოხვევის და მოჭიდების ხარჯზე უპირატესობის განმტკიცებას. სწორად შესრულებისას, მბოჭავსა და ბურთიანს შორის არ უნდა დარჩეს სივრცე, ანუ „დაარტყი და მიეწებე“. მიწაზე წასვლისას, მბოჭავი და ბურთიანი უნდა გავდნენ ერთიან მასას და არა ორ სხვადასხვა სხეულს.

3. მიწაზე დომინირება.

ბოჭვა არ არის დასრულებული მანამ, სანამ ბურთიანი არ წაიქცევა (ან მისი მიძალების ინერცია არ გაჩერდება). მხოლოდ კონტაქტის მოგება საკმარისი არაა. მბოჭავმა უნდა შეინარჩუნოს უპირატესობა ბურთიანზე მიწაზე ჩასვლისას, რათა მისცეს საკუთარ გუნდს საუკეთესო შანსი ბურთის “მოსაპარად” ან შეტევის შესანელებლად.

4. ბურთიანი მოთამაშის ზემოდან დასრულება.

ბოჭვის სრული კონტროლით დასრულებისათვის, მბოჭავი უნდა ეცადოს, ქმედების დასრულებისას ბურთიანს ზემოდან მოექცეს. ეს ნიშნავს, რომ მბოჭავმა მოიპოვა უპირატესობა ბურთიანზე და გადაიყვანა იგი წინსვლის შესანელებლად და ბურთის „მოსაპარად“ ხელსაყრელ პოზიციაში. ეს შეიძლება გამოიხატოს იმაში, რომ ბურთიანს დავახევინოთ უკან, ან დავაგდოთ გვერდულად, რაც ორივე შემთხვევაში დამხმარე მოთამაშეებისაგან მის იზოლირებას მოახდენს.

თუ ბოჭვის შემდეგ მბოჭავს უხდება გადაგორება, ძალზე მნიშვნელოვანია მისი ძლიერი, დომინანტი პოზიციის უზრუნველყოფა, რაც გამორიცხავს რაქში მბოჭავის ბურთიანის ქვეშ დამწყვდევის შესაძლებლობას.

5. მბოჭავი / წესების დაცვით გაცლა

ბოჭვის დასრულებისას, მბოჭავს აკისრია შემდეგი პასუხისმგებლობები:

  • ხელის გაშვება: მბოჭავმა დაუყოვნებლივ უნდა გაუშვას ხელი და გაეცალოს ბოჭვის არეს იმისათვის, რომ ბურთის გამოყენების საშუალება დატოვოს.
  • მარცხნივ/მარჯვნივ გადაგორება: მბოჭავი უნდა გადაგორდეს ან მარცხნივ ან მარჯვნივ - და არ უნდა დაბლოკოს ბოჭვის ორთაბრძოლაში შემსვლელი შემტევი მოთამაშეები
  • გაკავება/სივრცის აღება: მბოჭავს არ აქვს უფლება გააკავოს ბურთიანი ზურგზე ან დააფიქსიროს ის ისე, რომ ხელი შეუშალოს ბურთის პრეზენტაციას. მბოჭავს ასევე ეკრძალება რაქის შეტევის მხარეს დგომა, ანუ „სივრცის აღება“
  • ხელის გაშვება და კონტრ ქმედება: ბურთისათვის საბრძოლველად მბოჭავმა: ხელი უნდა გაუშვას ბურთიანს, ადგეს ფეხზე და ითამაშოს თავისი მხრიდან.