კარანტინი, იზოლაცია და კონტაქტების მოკვლევის გეგმა

დაავადების შემთხვევათა გავრცელების სიხშირე (პრევალენსი) და ზრდის რიტმი COVID-19-თან მიმართებაში ყველა ქვეყანას სხვადასხვა აქვს. ბევრ ქვეყანაში, სადაც PST შეზღუდვების ზომების შემსუბუქება ხდება, მაინც რჩება ინფექციის შიდა გავრცელება საზოგადოებაში.

ქვეყნებში, სადაც COVID-19 შემთხვევათა სიხშირე მაღალია და ამასთან, შიდა გავრცელებაც სახეზეა, კავშირებმა და შეჯიბრებებმა უნდა უზრუნველყონ, რომ კლუბებს ჰქონდეთ შემუშავებული გეგმათა პაკეტი, რათა მართონ საეჭვო შემთხვევები როგორც ვარჯიშზე, ისე თამაშის დროს. მათ უნდა ითანამშრომლონ ადგილობრივ ჯანდაცვის და/ან სამთავრობო უწყებებთან სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად, რაც უზრუნველყოფს ნებისმიერი პოტენციური გავრცელების თავიდან აცილებას. იმდენად, რამდენადაც COVID-19 პანდემია ჯერ კიდევ პროგრესირებს, საეჭვო შემთხვევების კარანტინთან დაკავშირებული ადგილობრივი ჯანდაცვის მეთოდური რეკომენდაციები შეიძლება შეიცვალოს. ამიტომ, სათანადო უწყებებთან რეგულარული კონტაქტი ძალზედ მნიშვნელოვანია.

  • თუ ინფიცირებული პირი შევა სავარჯიშო სივრცეში და ივარჯიშებს ან ითამაშებს გუნდთან ერთად, ამ შემთხვევებისთვის გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს კარანტინისა და ტესტირების საკითხები იმ მოთამაშეებისა და პერსონალისთვის, რომლებიც ითვლებიან “ახლო კონტაქტებად”.
  • დაავადების გავრცელების პრევენციაში გადამწყვეტ ნაწილს წარმოადგენს კონტაქტების კვალის მოძიება. რაგბიმ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს ინფექციის ნებისმიერი შესაძლო კლასტერის თავიდან აცილების საქმეში. ჯანმოს მეთოდური რეკომენდაციები კონტაქტების კვალის მოსაძიებლად შეგიძლიათ იხილოთ აქ. ეს მართული იქნება ადგილობრივი ჯანდაცვის და/ან სამთავრობო უწყებების მიერ, და კლუბის/გუნდის მხრივ თანამშრომლობა უზრუნველყოფს ეფექტურ საშუალებას ახალი შემთხვევების მართვის პროცესში.
  • ასეთ შემთხვევაში კლუბს უნდა ჰქონდეს დეტალები ყველა იმ პირის შესახებ, ვინც კი იმყოფებოდა სავარჯიშო სივრცეში ინფიცირებულ პირთან ერთად და უნდა შეეძლოს ნებისმიერ ამ პირთან დაკავშირება.

თუ პიროვნებას (მოთამაშეს, მწვრთნელს, პერსონალს) შენობაში ან მოედანზე გამოუვლინდება COVID-19-ის სიმპტომები (გაზომილი მაღალი ტემპერატურა ან ცხელების შეგრძნება, ხველა, ყელის ტკივილი, სურდო ან ცხვირის “გაჭედვა”, დაქანცულობა, სუნთქვის უკმარისობა ან გართულებული სუნთქვა, კუნთების ტკივილი, ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა, კუჭის აშლილობა), მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს სამედიცინო პერსონალს და/ან COVID-19 მენეჯერს. მართვა უნდა მოიცავდეს:

  • პიროვნების დაუყოვნებელ იზოლაციას ამისთვის განკუთვნილ საიზოლაციო არეში.
  • ჯანდაცვის უწყებებთან დაკავშირებას პიროვნების ტრანსპორტირების, ტესტირებისა და იზოლაციისათვის.
  • შენობა საფუძვლიანად უნდა იქნეს გაწმენდილი შესაბამისი ჯანდაცვის და/ან სამთავრობო უწყებების ყველა მითითებების გათვალისწინებით.
  • იზოლაციის მართვას იმათთვის, ვინც ახლო კონტაქტში იმყოფებოდა ინფიცირებულ პირთან, უხელმძღვანელებს შესაბამისი ჯანდაცვის და/ან სამთავრობო უწყებები.

მრავალი კავშირი და შეჯიბრება შეიმუშავებს ტესტირების პროტოკოლს – დიდი ალბათობით PCR (პჯრ) ტესტირებას ან ცხვირ-ხახის ნაცხს. ჩვენ უკვე ვიხილეთ სპორტში, რაც შემდგომ მსოფლიოშიც გამოვლინდა, რომ უსიმპტომო ადამიანს შესაძლოა აღმოაჩნდეს დადებითი PCR (პჯრ) ტესტი. დაწესებულება/ობიექტებში დაბრუნებამდე ეს მოთამაშეები უნდა გავიდნენ იზოლაციაში და მიჰყვნენ ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციებს.

თუკი ინფიცირებული პირი არის მოთამაშე ან პერსონალი, რომელიც იყო გუნდის სხვა წევრების “ახლო კონტაქტი”, ამან შეიძლება ზემოქმედება იქონიოს ვარჯიშის ან თამაშის შესაძლებლობაზე:

  • გუნდმა თავი უნდა აარიდოს ახლო კონტაქტურ ვარჯიშებს მანამ, სანამ გაივლის კონსულტაციას ჯანდაცვის და/ან სამთავრობო უწყებებთან და ჩატარდება კვალის საფუძვლიანი მოძიება.
  • კავშირებმა, შეჯიბრებებმა და კლუბებმა უნდა გაითვალისწინონ თამაშთა განრიგის გადავადების შესაძლებლობა COVID-19 ინფექციის ინდივიდუალური ან გუნდური შემთხვევევბისათვის. სამოქმედო გეგმა ამგვარი ვითარებებისთვის შეთანხმებული უნდა იქნეს შეჯიბრების დაწყებამდე.