განსაზღვრებები
ინფიცირებული პირი
ინფიცირებული პირი არის ადამიანი, რომელსაც აქვს დადებითი PCR (ლაბორატორიული) ტესტი, რომელიც COVID-19-ის არსებობას ადასტურებს. ამ დოკუმენტში “ინფიცირებული პირი” დიფერენცირებული უნდა იქნეს იმ პირისგან, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს COVID-19, მაგრამ არ იყოს ტესტირებული და ამიტომ არ აღიქმებოდეს, როგორც “დადასტურებული შემთხვევა”.
პოტენციურად ინფიცირებული პირი
პოტენციურად ინფიცირებული პირი არის ის:
- ვისაც აქვს COVID19-ის სიმპტომები ან ნიშნები;
- ვინც ელოდება ტესტირების შედეგებს ახლო კონტაქტის შემდეგ (იხილეთ ქვემოთ).
ახლო კონტაქტი
ახლო კონტაქტი არის პირი:
- რომელსაც ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულ პირთან (კონტაქტში იყო 1 მეტრის ფარგლებში და >15 წუთის განმავლობაში);
- უშუალოდ უვლიდა ინფიცირებულ პირს სათანადო პირადი დამცავი საშუალებების (პდს) გამოყენების გარეშე;
- იმყოფებოდა იმავე დახურულ სივრცეში, რომელშიც ინფიცირებული პირი (სამუშაო ადგილის, საკლასო ოთახის ან საოჯახო მეურნეობის გაზიარების ან იმავე შეკრებაზე ყოფნის ჩათვლით) ნებისმიერი დროის განმავლობაში;
- იმგზავრა ინფიცირებული პირის სიახლოვეს (მაგალითად, 1 მ-ის მოშორებით) ნებისმიერი ტიპის გადაადგილებისას.
COVID-19 ადამიანიდან ადამიანზე ყველაზე მეტად ვრცელდება შემდეგი გზით:
- წვეთებთან კონტაქტი, როცა ინფიცირებული პირი საუბრობს ხმამაღლა, იცინის, ახველებს ან აცემინებს;
- უშუალო კონტაქტი ინფიცირებულ პირთან, როცა იგი არის გადამდები (ორივე პირი საკმაოდ ახლოს არის დაავადების გავრცელებასთან);
- საგნებთან ან ზედაპირებთან შეხება, რომლებიც დაბინძურებულია ინფიცირებული პირის მიერ ხველების ან დაცემინებისას წარმოქმნილი წვეთებით.
კარანტინი
ეს არის იმ ადამიანების აქტივობების შეზღუდვა ან განცალკევება, რომლებიც არ არიან ავად, მაგრამ შესაძლოა იყვნენ ინფიცირებული პირისგან ან დაავადების წყაროსგან დაუცველები. კარანტინის დანიშნულებაა მათი სიმპტომების მონიტორინგი და შემთხვევების ადრეული გამოვლენის უზრუნველყოფა და დაავადების შესაძლო შემდგომი გავრცელების თავიდან აცილება.
იზოლაცია
ეს არის დაავადებული ან ინფიცირებული პირების სხვებისგან განცალკევება, ინფექციის გავრცელების ან დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.
დაავადების კლასტერი
დაავადების ან ინფექციის კლასტერი არის ჯანმრთელობის დარღვევის ერთნაირ შემთხვევათა ჯგუფი, განვითარებული ერთსა და იმავე არეში ერთი და იგივე დროის მონაკვეთში. დაავადების შემთხვევათა კლასტერი ზოგჯერ შესაძლოა დაკავშირებული იყოს გარკვეულ მოგზაურობასთან, პირთა შორის ურთიერთობებსა თუ სხვა შემთხვევებთან.
საზოგადოებრივი (შიდა) გავრცელება
საზოგადოებრივი (შიდა) გავრცელება არის დაავადების ისეთი გავრცელება გარკვეულ არეში, როცა შეუძლებელია იმის დაზუსტებით დადგენა, თუ როგორ და როდის დაავადდა რომელიმე პიროვნება. თუ კორონავირუსის ზოგიერთი შემთხვევა შესაძლოა დავაკავშიროთ გარკვეულ მოგზაურობასთან, პირთა შორის ურთიერთობებსა თუ სხვა მოვლნებთან, “შიდა გავრცელების” შემთხვევები უფრო ნაკლებ სპეციფიური და ძნელად მოსაკვლევია.