მოქნილობა

მოქნილობა არის სახსრის სრული შესაძლო ამპლიტუდით მოძრაობის უნარი (Marshall, 2011). რაგბის ნორჩი მოთამაშეებისათვის მოქნილობა ფიზიკური შესრულების მთავარი მახასიათებელია, მაგრამ ის ხშირად გამორჩენილია საწვრთნელ პროგრამაში. რაგბის თამაშში მრავალი მნიშვნელოვანი მოძრაობა მოიცავს სახსრების ეფექტურ მოძრაობას სრული შესაძლო ამპლიტუდით. თუკი მოთამაშეს სახსარში მოძრაობის შეზღუდვა აქვს, მაშინ მან შეიძლება ესა თუ ის მოძრაობა თავისი საუკეთსო შესაძლებლობის დონეზე ვერ შეასრულოს. მგვგ მოდელს რომ დავუბრუნდეთ დავინახავთ, რომ ბავშვობის განმავლობაში თეორიულად არსებობს მთავარი შესაძლებლობის ფანჯარა, რომელშიც მოქნილობა უნდა განვავითაროთ. მიიჩნევა, რომ 6–11 წლის ასაკი ყველაზე ხელსაყრელი მონაკვეთია ბავშვებში მოქნილობის განვითრებისათვის. (Joyce and Lewindon, 2014). გოგოები, მათი ანატომიური თავისებურებების გამო, როგორც წესი უფრო მოქნილები არიან ვიდრე ბიჭები. მაგრამ ბიჭებსაც შეუძლიათ მოქნილობის ძალიან კარგი დონის მიღწევა შესაბამის წვრთნის მეშვეობით. მთავარი გზა, რომლის მეშვეობითაც მწვრთნელებს შეუძლიათ მოთამაშის მოქნილობის გაუმჯობესება, არის გაწელვა. მომდევნო ნაწილში გაწელვის ორ ჩვეულებრივ მეთოდზე იქნება დაწვრილებით საუბარი. მოთამაშეები ყოველი ვარჯიშის ბოლოს უნდა გაიწელონ, რომ მოქნილობა განივითარონ ან ცალკე ვარჯიში დაუთმონ გაწელვას (Beachle and Earle 2008). ვარჯიშის შემდგომ კუნთების მომატებულმა ტემპერატურამ შეიძლება საშუალება მოგვცეს, რომ გაწელვის უკეთეს ხარისხს მივაღწიოთ, რადგანაც კუნთი უფრო დამყოლია როდესაც თბილია. გაწელვა, როგორც ცალკე ვარჯიში, რაგბის მოთამაშე ბავშვებისათვის ზოგადად პრაქტიკული შეიძლება ვერ იყოს, რადგანაც სავარჯიშო დრო მთლიანად თამაშის სწავლას მიაქვს. ამიტომ წვრთნის შემდგომი გაწელვა, მშვიდ მდგომარეობაში დაბრუნების დროს, საუკეთსო გამოსავალი შეიძლება იყოს.