როგორ უნდა გაიგონ მწვრთნელებმა, თუ როდის არის საჭირო პროგრამის მომდევნო დონეებზე გადასვლა?
Activate-ის მნიშვნელოვანი მახასიათებელი ისაა, რომ პროგრამის თითოეული ვერსია რამდენიმე დონისგან შედგება. ყოველი მომდევნო დონე მოთამაშეებს სთავაზობს გაზრდილი სირთულის სავარჯიშოებს ან გამეორებების მეტ რაოდენობას. სათამაშო სეზონის განმავლობაში დონეების გადალახვა წარმოადგენს სტიმულს მოთამაშეებისთვის და უზრუნველყოფს მათ ჩართულობას პროგრამის განმავლობაში.
მოთამაშეებმა უნდა შეძლონ იმის დემონსტრირება, რომ მათ შეუძლიათ მოცემული დონის სავარჯიშოების შესრულება კარგი კონტროლის, ბალანსის და ტექნიკის გამოყენებით, რათა ჩაითვალოს, რომ ისინი მზად არიან მომდევნო დონეზე გადასასვლელად. მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშეებს მომდევნო დონეზე გადასასვლელად მზადყოფნისთვის სხვადასხვა დრო ესაჭიროებათ, მწვრთნელისთვის შესაძლოა უფრო მარტივი იყოს აკონტროლოს მთლიანი გუნდის პროგრესი და ის მომდევნო დონეზე გადაიყვანოს მხოლოდ მაშინ, როდესაც გუნდის წევრების უმეტესობა შეძლებს არსებული დონის სავარჯიშოების სათანადო ხარისხით შესრულებას.
მწვრთნელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ჩვეულებრივ, მოთამაშეთა გუნდის მომდევნო დონეზე გადასვლისთვის საჭიროა არსებული დონის სავარჯიშოების ექვსი ან რვა კვირის განმავლობაში შესრულება. ეს პერიოდი მოთამაშეებს აძლევს საკმარის დროს სათანადო დონეზე დახვეწონ ეს სავარჯიშოები და ამავდროულად არ დახარჯონ ზედმეტი დრო ან ვარჯიშები არ გახდეს მოსაწყენი. მწვრთნელის მიერ მომდევნო დონეზე გადასვლის გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია მოთამაშეთა სპორტულ პროფილზე და წვრთნების ისტორიაზე, ასევე მათ მიერ Activate-ის გამოყენების სიხშირეზე. გუნდებს, რომლებიც უფრო ინტენსიურად გადიან ფიზიკურ მომზადებას, შეუძლიათ უფრო სწრაფად დაძლიონ ქვედა დონის სავარჯიშოები, ხოლო Activate-ის უფრო ხშირად გამოყენება მოთამაშეებს საშუალებას აძლევს უფრო ხშირად ჩაატარონ სავარჯიშოები, შედეგად გუნდს შესაძლებლობა ეძლევა უფრო მალე გადავიდეს მომდევნო დონეზე.
მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელებმა დაგეგმონ ვარჯიშების გრაფიკი და მონიშნონ მომდევნო დონეებზე გადასვლის სავარაუდო თარიღები. გარდა ამისა, მწვრთნელებმა მუდმივად უნდა ადევნონ თვალი მოთამაშეების მიერ Activate-ის ვარჯიშების შესრულების პროცესს, რათა შეაფასონ მათი მზადყოფნა მომდევნო დონეზე გადასასვლელად.
რა მოხდება, თუ მოთამაშეების გუნდი არ არის მზად მომდევნო დონეზე გადასასვლელად რვა კვირის შემდეგ?
ეს გაიდლაინი, რომლის მიხედვითაც მომდევნო დონეზე გადასვლისთვის საჭიროა ექვსიდან რვა კვირა, ითვალისწინებს, რომ გუნდს გავლილი აქვს ფიზიკური მომზადება და Activate-ს იყენებს კვირაში ერთხელ ან ორჯერ. ეს შეიძლება არ ეხებოდეს ყველა შემთხვევას და ამიტომ შესაძლებელია, რომ ზოგიერთ გუნდში იყვნენ მოთამაშეები, რომელთათვისაც მსგავსი ვარჯიშები ახალია ან არ აქვთ Activate-ის ხშირად გამოყენების შესაძლებლობა, ან მათ მცირე რაოდენობით სავარჯიშო სესიებში და მატჩებში აქვთ მონაწილეობა მიღებული.
თუ მწვრთნელი თვლის, რომ მისი მოთამაშეების გუნდი არ არის მზად მომდევნო დონეზე გადასასვლელად, დასაშვებია იმავე დონეზე დარჩენა რვა კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. იმისათვის, რომ მოთამაშეებს არ მობეზრდეთ ერთი და იმავე სავარჯიშოების შესრულება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მწვრთნელებს შეუძლიათ ცვლილებები შეიტანონ ვარჯიშების პროცესში. ვარჯიშების ჩატარების სხვადასხვა სტრატეგიის რამდენიმე მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
თუ მოთამაშეების გუნდის უმეტესი ნაწილი მზად არის მომდევნო დონეზე გადასვლისთვის, თუმცა რამდენიმე მოთამაშე ჯერ არ არის მზად, მწვრთნელებს შეუძლიათ გადავიდნენ შემდეგ დონეზე, თუმცა უნდა გაითვალისწინონ ამ მოთამაშეების მართვის ვარიანტები. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე შესაძლო ვარიანტი:
- გადაიყვანონ ეს მოთამაშეები ვარჯიშების ახალ დონეზე, თუმცა მათთვის განსაზღვრონ სავარჯიშოების გამეორებების ნაკლები რაოდენობა ან ხანგრძლივობა.
- დატოვონ ეს მოთამაშეები არსებულ დონეზე, ხოლო დანარჩენი გუნდი გადაიყვანონ მომდევნოზე.
- დატოვონ მოთამაშეთა მთელი გუნდი არსებულ დონეზე, სანამ დანარჩენი მოთამაშეები არ იქნებიან მზად მომდევნო დონეზე გადასასვლელად.
რა მოხდება, თუ მწვრთნელები ძალიან სწრაფად გადადიან მომდევნო დონეზე?
თუ მომდევნო დონეზე გადასვლის შემდეგ მწვრთნელი აღმოაჩენს, რომ მოთამაშეების გუნდისთვის ახალი დონის სავარჯიშოები ძალიან რთულია, შესაძლებელია დაუბრუნდეს წინა დონის სავარჯიშოებს და ეტაპობრივად გაართულოს ისინი. ეს ეტაპობრივი გართულება შეიძლება მოიცავდეს მაღალი დონის სავარჯიშოების მიცემას მოთამაშეებისთვის, რომლებიც კარგად უმკლავდებიან მათ, ხოლო დანარჩენების წინა დონის სავარჯიშოებზე დაბრუნებას, ან მათთვისაც ახალი დონის სავარჯიშოების მიცემას, თუმცა ნაკლები გამეორებებით და ხანგრძლივობით, რათა მოთამაშეებმა შეძლონ რაოდენობისა და გამეორებების ნაცვლად მოძრაობების ხარისხზე კონცენტრირება.
მომდევნო დონეზე ძალიან სწრაფად ან მოთამაშეების მზადყოფნამდე გადასვლა შეამცირებს პროგრამის ეფექტურობას, რადგან მოთამაშეები ვერ შეძლებენ სავარჯიშოების სათანადოდ შესრულებას.